კემბრიჯის უნივერსიტეტი
ინგლისურენოვან მსოფლიოში კემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან.
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია.
კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.პირველი კოლეჯი სახელად პიტერჰაუზი დაფუძნდა 1284 წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაე ახალგაზრდა კოლეჯია რობინსონი (1970). კოლეჯთა სრული სია მოცემულია ქვემოთ.
ამჟამად 31 კოლეჯიდან 28 შერეულია, დანარჩენი სამი კი ექსკლუზიურად ქალთათვის არის (ლუსი კავენდიში, ნიუ-ჰოლი და ნიუნჰამი). მაგდალენი ბოლო მამაკაცთა კოლეჯი იყო, რომელიც მხოლოდ 1988 წელს გახდა შერეული.
კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო.













