ბუდისტების დღესასწაულები
გაზაფხულის ბუნიობის დროს, რომელიც იაპონიში 18-19 მარტს იწყება და 24-25 მარტამდე გრძელდება, ყველა ტაძარში განსაკუთრებული ცერემონიები ტარდება. მათ ბუდისტური საფუძველი აქვს. ამ დღეებში ხალხი მიდის წინაპართა საფლავებზე პატივის მისაგებად.
8 აპრილს იაპონელები ბუდის დაბრუნების დღეს დღესასწაულობენ. ამ დღეს, ტაძარში დგამენ ტაძრის მინიატურულ მოდელს, რომელშიც მოთავსებულია გაუტამას მინიატურულივე ფიგურა. ყველაფერს ამას ყვავილებით რთავენ. მომსვლელნი გაუტამას თავზე ასხამენ ტკბილ ჩაის, ცოტაოდენი ჩაი კი სახლებში მიაქვთ.
მაისი იაპონიაში ასოცირდება ბიჭუნების ზეიმთან. მეხუთე თვის მეხუთე დღეს სახლთან, სადაც ბიჭუნა ცხოვრობს, ლატანზე ჰკიდებენ გასაბერ კობრს. იაპონური ლეგენდის თანახმად, კობრი გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათითა და ძალით. ბიჭუნები ხომ ძლიერნი და ამტანნი უნდა იყვნენ. ამავე დღეს იღებენ აბაზანას სადაც ზამბახ სიობუს ყვავილებია, სიობუ იაპონიაში მებრძოლი სულის სიმბოლოა.
ზაფხულში ზღვის პლიაჟი ხალხით ივსება, ამ დროს იაპონელები ტანაბატას (მქსოველების დღეს) აღნიშნავენ. 6 ივნისს იაპონიაში იმართება მორთულ - მოკაზმული მსვლელობები, ისინი იცვამენ მსუბუქ კიმონოს და მოაქვთ მათრახები, რომლებშიც ქაღალდის ზოლებია ჩაწნული. ამ ქაღალდებზე სხვადასხვა სურვილი იწერება.
თავდაპირველად ტანაბეტის ზეიმი აღინიშნებოდა ქსოვის ქალღმერთის თაყვანსაცემად. მოგვიანებით ეს დღესასწაული დაუკავშირეს ლეგენდას ორ შეყვარებულ ვარსკვლავზე.
ივლისის შუა რიცხვებში იაპონიაში ტარდება ბონის ზეიმი. ეს არის მიცვალებულთა ხსოვნის დღე. ღამით სახლებში ცეცხლს ანთებენ წინაპართა სულების სტუმრად მოსაწვევად. 16 ივლისს ღამით ისევ ანთებენ ცეცხლს, რათა უკან გზაზე გააცილონ წინაპართა სულები.
ბონის დღესასწაულის დროს, 15 ივლისს, აღინიშნება წლის შუალედური დღე – ტიუგენი. ამ დღეს მიღებულია ურთიერთდასაჩუქრება.
სექტემბერში იმართება მთვარის ავსების ზეიმი. მთვარის კალენდრის მიხედვით სავსე მთვარე სექტემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება ცაზე. ამ დროს, მთვარის შუქზე ლანგარზე ლამაზად ალაგებენ ახლად მოხარშულ კარტოფილს, ცომში გამომცხვარ ვაშლებს, საშემოდგომო საკვებ ბალახებს. ადამიანები ტკბებიან მთვარის ცქერით და ერთმანეთს მასპინძლობენ, ასეთივე დღესასწაულია 15 ოქტომბერს, ადამიანმა უსათუოდ ოქტომბერშიც უნდა იდღესასწაულოს, თორემ მასზე იტყვიან: ,,სანახევროდ აკეთებს საქმესო”.
15 ნოემბერს იხდიან დღესასწაულს სიტო – გო – სან. 3-5 წლის ბიჭუნებს და 3-7 წლის გოგონებს აცმევენ საუკეთესო ტანსაცმელს და მიჰყავთ ტაძარში, სადაც სამადლობელ ლოცვებს წარმოთქვამენ. ბავშვებისთვის ყიდულობენ პარკებით შაქარყინულებს, რომლებსაც ისინი მეგობრებსა და ნათესავებს ურიგებენ.
დეკემბერში იაპონელები ერთმანეთს უხვად უძღვნიან საჩუქრებს და ამით ზამთრის დადგომას აღნიშნავენ. ამ სეზონზე იაპონელები ბუნების ცქერით ტკბებიან.












