მუსლიმანთა დღესასწაულები
ისლამურ კალენდარში, გარდა წინასწარმეტყველის დაბადების დღისა, მისი ამაღლებისა და მუსლიმანთა ახალი წლისა, არის ,,ედ ალ ფიტრი” – პატარა ღვთის სასწაულიც, რომლითაც აღინიშნება წმინდა თვის რამადანის დასრულება. ,,ედ ალ ალსა ალ მუბრაკი” ანუ დიადი დღესასწაული ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება და პილიგრიმების მიერ მექაში ჰაჯის დროს მსხვერპლის შეწირვას უკავშირდება.
რამადანის დროს, ერთი თვის განმავლობაში მუსლიმანები მზის ამოსვლიდან ჩასვალმდე იცავენ მარხვას. თვეში 27 – ე აღინიშნება განსაკუთრებული დღესასწაული – აღქმის დღე. ისლამური კალენდრის დასაბამს წინასწარმეტყველის მექადან მედინაში (ჰიჯრა) გადასვლიდან იღებს (ჩვენი წელთაღრიცხვით 622 წლის ივლისი). სწორედ ის დღე იქცა ისლამის პირველ დღედ. ისლამური კალენდრის საფუძველში დევს მთვარის თვე 291 2 დღის ხანგრძლივობით, წელი 12 თვისგან შედგება, რაც ჯამში 354 დღეს შეადგენს. აქედან გამომდინარე ისლამური კალენდარი მზის კალენდართან შედარებით დაახლოებით 11 დღით არის მოკლე. გრიგორიანული კალენდრით რამადანი და სხვა დღესასწაულები იწყება ყოველ წელლს 11 დღით ადრე. აღსანიშნავია ისიც, რომ დღე იწყება მზის ჩასვლიდან. პარასკევი ითვლება ლოცვის დღედ. ამ დღეს ყველა დაწესებულება დახურულია. მუსლიმი – შიიტები დამატებით აღნიშნავს ჰუსეინის გარდაცვალების დღეს მავლიდს. ჰუსეინი არის წინასწარმეტყველის შვილიშვილი. ეს დღესასწაული იწყება მუჰარაბის პირველ დღეს (ისლამის წლის პირველი თვე) და აპოთეოს აღწევს მე-10 დღეს. ჰუსეინის გარდაცავალების წლის თავზე ეს დღე აღინიშნება გლოვით (680 წლის 10 ოქტომბერი).
მუსლიმანური ტრადიციით, ყოველი წლის წმინდა თვის დასაწყისში ქააბის ტაძარს ეგვიპტიდან ჩამოტანილი თეთრი საბურველით შემოსავენ – რიტუალურად წმინდა მდგომარეობაში მოაქცევენ, ხოლო ძველს ჭრიან და სუვენირებად ჰყიდიან. ამავე თვის 7-13 რიცხვებში ჰაჯის შესასრულებლად მექაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიონობით მლოცველი მიდის. ქააბა არც სასახლეა და არც აკლდამა. მასში მორთულობა არ არის, მისი შიდა სივრცე მოკრძალებულია – არავითარი ავეჯი. ტაძრის აღმოსავლეთ კუთხეში ჩამონტაჟებული ვერცხლისფერ არშია შემოვლებული წმინდა შავი ქვა, რომელიც ისლამში ღვთაებრივი დანიშნულებისაა. ტრადიციის თანახმად, წმინდა ქვის – თეთრი იაგუნდის – მეშვეობით შესაძლებელია სამოთხის დანახვა. იგი ალაჰმა მისცა ადამს, როცა სამოთხიდან გამოგდებული მექაში მივიდა. ადამიანთა ცოდვების გამო, თეთრი ქვა ჰაერში გაშავდა. მუსლიმანური რწმენით, ყოველი მორწმუნე, რომელიც ამ ქვის გამჭვირვალობით სამოთხეს დაინახავს, სიკვდილის შემდეგ იქ მოხვდება.
შიგნით ხის სამი სვეტია და ყურანის მე-7 საუკუნის ხელნაწერი ინახება. ქააბის ცარიელ სივრცეს მუსლიმანთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან მორწმუნეს უხილავის არსებობა უნდა გაახსენოს. ინტერიერის სიღარიბე კი მიგვანიშნებს იმას, რომ მთავარია სამყაროს არა ფორმა, ნივთები, არამედ უხილავი, სულიერი მხარე.
მუჰამედმა მექა წმინდა ქალაქად გამოაცხადა და იქედან თუნდაც ერთი პეშვი მიწის გატანა კატეგორიულად აკრძალა. მის ტერიტორიაზე არ შეიძლება ყოველივე ცოცხალისადმი ზიანის მიყენება. მომლოცველი მექაში შესვლამდე განიბანება და ეკურთხება, რასაც ,,იჰრამი” ეწოდება. იგი ტანზე იცვამს სპეციალურ თეთრ ტანსაცმელს აუცილებლად უნაკეროს, რომელსაც ასევე იჰრამი ქვია. მამაკაცი პილიგრიმი (მორწმუნე) დადის თავშიშველი, ფეხზე სანდლებით, ქალები მთლიანად ჩადრში არიან გახვეული. იჰრამის წმინდა მდგომარეობის დროს დასაშვებია კვება, სმა, ძილი, დაბანა, ვაჭრობა და სხვა; იკრძალება სქესობრივი ურთიერთობა, ჩხუბი, ბილწსიტყვაობა, სისხლის ღვრა, ნადირობა...
ჰაჯის მისაღებად მიმლოცველი მიმართავს ალაჰს, ასრულებს მსხვერპლშეწირვას, შვიდჯერ შემოუვლის ტაძარს, რასაც ,,ტავაფი” ეწოდება, მის კედელთან ლოცულობს და სხვა რიტუალებს ახორციელებს. ამის შემდეგ არაფატის წმინდა მთაზე ადის, იქ ქვებს აგროვებს და ჰაჯის მეორე ფაზეს ასრულებს.
მუსლიმანი რომელიც ჰაჯს შეასრულებს, თეთრი ჩალმის ტარების უფლებას, ხოლო სახელთან საპატიო წინსართის – ჰაჯის დანამატს იღებს.












