ქრისტიანული დღესასწაულები

ქრისტიანული დღესასწაულები უკავშირდებიან რელიგიის ისტორიის, ღმერთისა და წმინდათა ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს. საქრისტიანოს უდიდესი დღესასწაულის, აღდგომის გარდა აღინიშნება 12 უდიდესი დღესასწაული:
მოძრავნი - ბზობა ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში იესო ქრისტესი, ამაღლება იესო ქრისტესი, სულთმოფენობა - სულიწმინდის გადმოსვლა.
უძრავნი - ნათლისღება, მირქმა (მიგებება ყრმისა), ხარება, ფერისცვალება იესოსი, მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, შობა ღვთისმშობლის., ჯვართამაღლება ტაძრად მიყვანა მარიამის, შობა უფლისა იესოსი.
დიდი საეკლესიო დღესასწაულებია: წინადაცვეთა უფლისა (1(14) იანვარი); იოანე ნათლისმცემლის შობა 24 ივნისი (7ივლისი); პეტრე-პავლობა, მოციქულთა დღესასწაული - 29 ივნისი (12 ივლისი); იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა - 29 აგვისტო (11 სექტემბერი); მცხეთობა (სვეტიცხოვლობა), საფარველი ღვთისმშობლისა 1 (14) ოქტომბერი.
საეკლესიო დღესასწაულები ქართულ ეკლესიაში: შიომღვიმის, ლაზარეს აღდგინება; ბარბარობა, თამარობა, გარეჯობა და სხვ.
ქრისტეშობა - ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. იგი აღინიშნება ახალი სტილით 7 იანვარს ძველი სტილით 25 დეკემბერს. იესო იშვა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდის მოვლინებით, უბრალო ადგილას ბეთლემის ქვაბში. ყრმა და მარიამი იოსებმა გაარიდა ეგვიპტეში ისრაელთა მეფის - ჰეროდეს რისხვას, რომელიც ინფორმირებული იყო, რომ უნდა შობილიყო მესია ებრაელი ხალხის ახალი მეფე. როდესაც ახალშობილ მოევლინა ამ ქვეყანაზე მწყემსებმა მას თაყვანი სცეს, ხოლო ამის შენდეგ მოვიდა სამი აღმოსავლელი მოგვი, სამივე მოჰყვა ოქროს ვარსკვლავს, რომელიც ბეთლემის თავზე გაჩერდა, ზეციდან ყრმის დაბადებას ანგელოზთა გუნდი გალობით შეხვდა: ,,დიდება მაღალსა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა კაცთა შორის სათნოება”, იესო იშვა ადამის მოდგმის სახსნელად, რათა დაეთრგუნა სიკვდილი, გამოესყიდა თავისი ტანჯვით კაცთა ცოდვა.


უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულები
ქრისტიანული დღესასწაულები
შობას 7 იანვარს აღნიშნავს მართლმადიდებლური ქვეყნები: საქართველო, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ეთიოპია, და სხვ. ხოლო 25 დეკემბერს კათოლიკები და პროტესტანტები: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ინგლისი, ირლანდია, პორტუგალია, და სხვ.
ნათლისღება _ ნათლისღება ტარდება 19 იანვარს, აღინიშნება ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში, როცა თავზე წყლის დასხმით იოანემ ძე უფლისა აკურთხა. წყლიდან ამოსულ 30 წლის იესოს, სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა თავზე და ციდან გაისმა ხმა: ,,ესე არს ძე ჩემი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ქრისტეს ღვთაებრიობის ამ დასტურით და მტრედის მოვლინებით პირველად მოხდა სამების გამოცხადება, საღმრთო საიდუმლო მირონცხების სახით ადამიანს.
მირქმა უფლისა - ქრისტიანული სამყარო 15 თებერვალს თორმეტი უდიდესი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს, იესო ქრისტეს მირქმას აღნიშნავს.
სახარების მიხედვით, ქრისტესშობიდან მეორმოცე დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა და იოსებმა, პატარა იესო უფლის წინაშე წარსადგენად, იერუსალიმის, ტაძარში მიიყვანეს. ებრაული რჯულის მიხედვით, ასე უნდა უნდა მოქცეულიყო ყველა ებრაელი, რომელთა პირველი შვილი 40 დღის შესრულდებოდა.
მირქმა _ მიგებების დღესასწაულია. სახარების მიხედვით იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სიმონი, რომელსაც უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ იგი არ მოკვდებოდა მანამ, სანამ თავად არ იხილავდა იესო ქრისტეს, რომელიც ქალწულისგან იქნა ნაშობი. უფლის ანგელოზის სიტყვები სიმონ მართალს ქრისტესშობიდან მეორმოცე დღეს აუსრულდა. როცა წმინდა მარიამმა და იოსებმა იესო ტაძარში მიიყვანეს, სიმონმა სულიწმინდის მადლით იცნო ის, ვისზედაც უფლის ანგელოზმა აუწყა, მესია. ღვთისმოშიში მოხუცი შეეგება ქვეყნის მხსნელს, განკაცებულ ღმერთს და ხელში აიყვანა. სწორედ იესოს მიწიერი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით დაწესდა ღვთის განგებით უფლის მირქმა _ მიგებების დღესასწაული.
ბზობა - ბზობით აღინიშნება - ქრისტეს შესვლა იერუსალიმში. იერუსალიმში მისულ ქრისტეს მორწმუნენი ძირს უფენდნენ სამოსელს, ყვავილებს, პალმისა და ბზის ტოტებს. იერუსალიმში შესვლა ნიშანი იყო ძველი იუდეველთა დედაქალაქის დამხობისა და ახლის აშენებისა, ნათლის გამარჯვებისა ბნელზე, ახალი რელიგიის დამკვიდრებისა.
ხარება - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულის მარიამის დღეობა. ახალი სტილით 7 აპრილი. წიგნის კითხვით გართულ ქალწულ მარიამს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: ,,გიხაროდენ, მომადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულხარ შენ დედათა შორის”. მარიამს ჯერ შეეშინდა, მერე კდემით თავი დახარა: ,,აჰა მხევალი უფლისა” და უბიწომ შვა - სულიწმინდის მოვლინებით _ იესო. ხარება აღინიშნება შობიდან 9 თვის გადათვლით.
აღდგომა იესო ქრისტესი - შაბათის შემდეგ, პირველ დღეს, დილით ადრე ქრისტეს საფლავთან დიდი მიწისძვრა მოხდა - უფლის ანგელოზმა გადააგორა ლოდი საფლავიდან და ზედ დაჯდა. თვალს ვერ გაუსწორებდი - ელვასავით შესახედავი იყო და სამოსელი მისი - თოვლივით სპეტაკი.
იმავე დილით, ადრიანად, კეთილმსახურ დედათაგანნი: მარიამ მაგდალელი, სალომე და სხვანი, მივიდნენ მაცხოვრის საფლავზე მისი სხეულისათვის ნელსაცხებელის საცხებად, რადგან, იესოს აკლდამაში შესვე დროს ამის გაკეთება ვერ მოესწროთ. თან აფიქრებდათ კართან დადებული ლოდი ყველაზე ადრე მივიდა მარიამ მაგდალელი და დაინახა რომ ლოდი გადაგორებული იყო. იფიქრა, უთუოდ მტრებმა გაიტაცეს ქრისტეს სხეულიო და ამის საუწყებლად პეტრესთან და იოანესთან გაიქცა. მზე რომ ამოიწვერა, სხვა დედებიც მივიდნენ საფლავთან და ყველამ იხილა უზარმაზარ ლოდზე მჯდომი ანგელოზი, რომელიც მიმართავდა მათ: ,,ნუ კრთებით თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღსდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს”. სამარხში შესულ ქალებს არ დახვდათ იქ იესოს გვამი და ანგელოზთა ხმაც შემოესმათ: ,,რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?”
ამასობაში პეტრემ და იოანემ მოირბინეს, შევიდნენ სამარხში და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც შეხვეული იყო იესოს სხეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა, რომელიც თავს ებურა _ ცალკე. აღსდგა მკვდრეთით ქრისტე _ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
გიორგობა - წმინდა გიორგი დაიბადა III ს-ში კაბადოკიაში, ქრისტიანულ ოჯახში. ადრე დაქვრივებულ დედას იგი პალესტინაში წაუყვანია და იქ აღუზრდია.
გიორგი რომის ლაშქარში მსახურობდა და თავისი სიმამაცით იმპერატორ დიოკლიტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე კი მისი პირადი მცველი და შემდგომ მხედართმთავარიც გამხდარა.
კერპთაყვანისმცემელმა დიოკლიტიანემ ბრძოლა რომ გამოუცხადა ქრისტიანობას, გიორგიმ თავისი ქონება გლახაკთ დაურიგა და წინ აღუდგა იმპერატორს. გიორგი სიკვდილით დასაჯეს 303 წელს 6 მაისს - (ახალი სტილით). მისი განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა.
წმინდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე უფრო ცნობილია მის მიერ შუბით გველეშაპის განგმირვა. საეკლესიო ხატებზეც იგი სწორედ ასეა გამოსახული _ თეთრ ცხენზე ამხედრებული შუბით გველეშაპს კლავს.
საქართველოში წმინდა გიორგის მოსახსენებლად აღიარებულია მისი ბორბალზე წამების დღე 23 ნოემბერი - (ახალი სტილით) და მისი აღსრულების დღე 6 მაისი _ ახალი სტილით.
ამაღლება _ ამაღლების დღესასწაული აღინიშნება აღდგომის მე-40 დღეს, როცა მკვდრეთით ამდგარი იესო ხორცით ,,ამაღლდა ზეცითა და დაჯდა მარჯვენით მამისა”. იგი აღინიშნება VI ს-დან.
სულთმოფენობა _ აღდგომიდან 50 დღის შემდეგ აღინიშნება მოციქულთა თავზე სულიწმინდის გადმოსვლა, როცა მათ იწყეს ქადაგება იმ ენებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდნენ, რათა ყველა ხალხში ექადაგათ სათნოების რელიგია. ეს დღესასწაული აღინიშნება უძველესი დროიდან, მაგრამ სამების მნიშვნელოვანი დოგმატი შემუშავდა და დამტკიცდა ნიკეის (325) და კონსტანტინეპოლის (381) საეკლესიო ყრილობებზე.
ფერისცვალება - აღინიშნება 19 აგვისტოს, როცა სახარების მიხედვით ქრისტემ თავისი მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა. ეს მოხდა ძე-ღმერთის მიწიერი ცხოვრების ბოლო წელს, როცა უკვე დაამტკიცა ქადაგებათა და სასწაულებით თავისი ღვთაებრიობა, მეექვსე დღეს მას შემდეგ, რაც პეტრემ განუცხადა, უფალმა წამებისაგან უნდა დაგვიხსნასო. მაცხოვარმა დატუქსა მოციქული და განიზრახა ერთხელ კიდევ განემტკიცებინა მოციქულთა რწმენა. ამ მიზნით წაიყვანა მოწაფეები; მათგან სამი, აიყვანა მაღალ მთაზე ,,და იცვალა სხვად ხატად წინაშე მათსა, და სამოსელი მისი იქნა ბრწყინვალე და სპეტაკ.. და ეჩვენა მათ მოსე ილიას თანა”. დღესასწაული დაწესებულია IV ს-დან.
მიძინება ღვთისმშობლისა - მარიამობა - თორმეტი უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგან, რომელთაც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთის მსახურება აღინიშნავს, განსაკუთრებით ბრწყინვალეა მარიამობა, რომელიც უძრავი დღესასწაულია და ყოველწლიურად 28 აგვისტოს იზეიმება.
იერუსალიმში ღვთისმშობელს უყვარდა იმ ადგილების მონახულება, სადაც მაცხოვარს გაევლო, სადაც იგი ეწამა, მოკვდა, აღდგა და ზეცად ამაღლდა. ის ლოცულობდა ამ ადგილებში, ტიროდა, როდესაც იხსენებდა იესოს ვნებებს და ხარობდა მისი აღდგომისა და ამაღლების გახსენებისას. ყოვლადწმინდა ქალწული ხშირად ევედრებოდა უფალს, რათა მალე წაეყვანა მას თავის სასუფეველში.
ერთხელ, როდესაც ღვთისმშობელი ელეონის მთაზე ლოცულობდა, გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, ხელში ზეთისხილის რტოთი და უთხრა, რომ იგი სამ დღეში აღესრულებოდა და უფალი წაიყვანდა თავისთან. ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის დაიწყო მზადება. მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ ქრისტიანობას. ღვთისმშობელს სურდა, მიცვალების წინ დამშვიდობებოდა მათ. ეს თითქოს შეუძლებელი იყო მაგრამ ღმერთმა, სასწაულებრივად, იერუსალიმში შეკრიბა ყველა მოციქული, თომას გარდა. ისინი დამწუხრდნენ, რომ შეიტყვეს, თუ რისთვის მიუხმო მათ უფალმა, მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწულმა განუცხადა მათ, რომ არ მიატოვებდა ქრისტეს სამწყსოს თვით მიცვალების შემდეგაც და მათთვის ილოცებდა სასუფეველში. ღვთისმშობლის მიცვალებისას არაჩვეულებრივმა ნათელმა გაანათა ის ოთახი, სადაც მარიამი იწვა: თვით უფალი იესო ქრისტე, ანგელოზთა თანხლებით, მოვიდა და მიიღო მისი ყოვლადწმინდა სული. ღვთისმშობელი ისეთი სიმშვიდითა და ნეტარებით აღესრულა, რომ მოციქულებმა მისი მიცვალება მიძინებად აღიქვეს.
ღვთისმშობლობა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა უძრავი დღესასწაულია და ყოველწლიურად 21 სექტემბერს აღინიშნება.
ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი დაიბადა გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში. მისი მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე, რომელიც წინასწარმეტყველი დავით მეფის ტომისა იყო და მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის - აარონის შთამომავალი. ეს ღვთისმოშიში მეუღლენი უშვილონი იყვნენ.
ერთ-ერთ დღესასწაულზე იოაკიმემ მსხვერპლი მიიტანა იერუსალიმის ტაძარში ღვთისათვის შესაწირავად, მაგრამ მას უღირსი უწოდეს უშვილობის გამო და მღვდელმთავარმა მსხვერპლის შეწირვაზეც უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აღივსო და უდაბნოს მიაშურა. იქ მან ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.
უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება. მთავარანგელოზმა გაბრიელმა შეატყობინა ანას, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გავიდა დრო და ანამაც იმშობიარა. მას ქალი შეეძენა და მარიამი უწოდეს. როცა მარიამი ერთი წლის გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და შინ მღვდელმთავრები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცებულნი მიიწვია. მღვდელმთავრებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველას შემწე მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს ღვთისმშობელი განსაკუთრებულად მფარველობს, იმიტომ, რომ გადმოცემის მიხედვით, ივერია ღვთისმშობლის წინხვედრია.
საქართველოში ღვთისმშობლის სასწაულმოწმედი კვართი ინახება, რომელიც ღვთის ნებით მოხვდა საქართველოში.
ჯვართამაღლება - მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტიანებისათვის გოლგოთა იქცა უწმინდეს ადგილად ამ ადგილს ხშირად აკითხავდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იმხანად ქრისტიანებს სასტიკად სდევნიდნენ მთელ რომის იმპერიაში. ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ადამიანს მაცხოვარს მოაგონებდა. ყველაზე რთული იყო გოლგოთის მნიშვნელობის მეხსიერებიდან ამოშლა, ბევრს კარგად ახსოვდა, რომ უფალმა სწორედ აქ დაამარცხა სიკვდილი და სატანა.
IV ს-ში რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდი ერთ-ერთი ბრძოლის წინ შედრკა. მოულოდნელად ცაზე დიდი ჯვარი იხილა წარწერით: ,,ამით სძლიე!” ღამით კი თავად მაცხოვარი გამოეცხადა და ისევ ჯვარზე მიუთითა: ,,გააკეთე ჯვრის მსგავსი ჯარს წინ წარუძეხი- მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებ მტრებზე”. მეფე ასეც მოიქცა და გაიმარჯვა. მან განიზრახა იმ ჯვარის პოვნა, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ამისათვის დედა, დედოფალი ელენე გაგზავნა იერუსალიმში. დედოფალმა ელენემ გოლგოთაზე დაანგრევინა ვენერას ტაძარი. მიაგნეს სამ ჯვარს, იქვე ახლოს _ მაცხოვრის საფლავს, რომ გაეგოთ, რომელი იყო მაცხოვრისა, ჯვრები რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს, ცხოველსმყოფელი ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. 326 წელს სამღვდელოების მიერ მოხდა _ ჯვრის ამაღლება. შეწყდა ქრისტიანთა დევნა. კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ჯვართამაღლების დღესასწაული 27 სექტემბერს აღინიშნება. მაცხოვრის სასწაულებს შორის ყველაზე დიდი სასწაული ჯვრით მოხდა, შეიმუსრა სიკვდილი და ადამიანს საშუალება მიეცა, უფლის გვერდით დგომისა. ღვთის ძალა სწორედ ჯვრის საშუალებით გვეძლევა.
სვეტიცხოვლობა - სვეტიცხოვლობა დაკავშირებულია ქრისტეს კვართის ჩამოტანასთან საქართველოში. უფლის ჯვარზე გაკვრის შემდეგ იესოს კვართი მისმა მოწაფეებმა დაინაწილეს მცხეთას ელიოზმა და ლონგინოზ კარნელმა ჩამოიტანეს , ელიოზის დამ სიდონიამ ხელთუქმნელი კვართი გულში ჩაიკრა, სიხარულისგან ატირდა და სული განუტევა, ცახუტებული კვართი სიდონიას ხეელიდან ვერ ააცალეს და იგი კვართიანად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე ამოვიდა ლიბანის ნაძვი (კვიპაროსი), როცა მირიან მეფემ იკითხა, სად ავაგოთო ტაძარი, მოციქულთასწორმა ნინომ ეს ადგილი უჩვენებია. ნაძვი მოჭრეს, სვეტად განამზადეს. მაგრამ ვერ აღმართეს.ნინოს. სიზმრად ჭაბუკი გამოეცხადა. ქალწული ძირს დაემხო, ნათელმოსილი ჭაბუკი სივრცეში ამაღლდა, სვეტით ხელში. მალე სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა და ხეზე დადგა. თან სურნელს აფრქვევდა. წმინდა ნინომ უამბო მირიან მეფეს გამოცხადების შესახებ, მეფემ ბრძანა, რომ აქ აეშენებინათ სვეტიცხოველი, სადაც საუფლო კვართიც განისვენებს. სვეტიცხოვლობა აღინიშნება 14 ოქტომბერს. 1979 წლიდან აღინიშნება მცხეთობა. იგივე დღეს.