ქეცბაია გაუშვეს
ქეცბაია გაუშვეს
27 მაისს, ბერძნული “ოლიმპიაკოს” მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა თემურ ქეცბაიამ, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ, პირეოსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.“ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კლუბსა და თემურ ქეცბაიას შორის აქამდე არსებული კონტრაქტი გაუქმდა.
უახლოეს მომავალში კლუბს ბოჟიდარ ბანდოვიჩი გაწვრთნის, რომლის თანაშემწეც ანდრეას ნინიადისი იქნება” – ციტირებს კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი. ასე რომ, ქართველ მწვრთნელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე დაბრუნება ამ ეტაპზე არ მოუწევს, რადგან “ალკმაარის” წინააღმდეგ გუნდს სწორედ ბანდოვიჩი გაიყვანს.
ასევე უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, პირეოსული კლუბის გულშემატკივრებს არ აკმაყოფილებდათ გუნდის თამაში. გარდა ამისა, იყო გარკვეული პრობლემები ქეცბაიასა და ფეხბურთელებს შორის და სწორედ ეს გახდა 41 წლის სპეციალისტის დროებით უმუშევრად დარჩენის მიზეზი.
ათენის აეკ-ის ყოფილი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის პეტროს რავუსისის აზრით, პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 41 წლის ქართველი სპეციალისტის თემურ ქეცბაიას გათავისუფლება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო.
“ქეცბაიას გაშვება “ოლიმპიაკოსის” მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. მას გუნდთან ერთად სათანადოდ მუშაობის საშუალება არ მიეცა. არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან ამ დროს, ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც მიეცა დრო, რომელიც მწვრთნელს სჭირდება და საბოლოოდ, საბერძნეთის ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო. სამწუხაროდ, ასეთია, ზოგიერთი მწვრთნელის ბედი –ზოგს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების დრო, ზოგს – არა. ქეცბაიამ ვერ შეძლო “ოლიმპიაკოსში” მიღებული კაცი გამხდარიყო. შედეგად, მისი კრიტიკა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ვინმე ელოდა. ალბათ, ეს ყველაზე დიდი პრობლემა გახლდათ. ნებისმიერი მწვრთნელი ცდილობს, რომ გამოიყენოს შანსი, რომელიც კარიერაში დიდი ნახტომის გასაკეთებლად ეძლევა. თუმცა, სამწუხაროდ, “ოლიმპიაკოსში” ქეცბაიაზე ზეწოლა გაცილებით დიდი იყო, ვიდრეს “ანორთოსისში” –განაცხადა რავუსისმა sportnet–თან საუბარში.
იმავე რავუსისის თქმით, ბერძნულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ქეცბაიამ მუშაობა ათენის აეკ-ში გააგრძელოს.
ბერძნული პრესის ინფორმაციით, “ერგოტელისთან” ამხანაგურ მატჩში 0:5 წაგების შემდეგ, ქეცბაიას ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც ის გააკრიტიკეს პრესკონფერენციაზე განუცხადებია: “რა გინდათ, აკროპოლისზე უნდა ჩამომკიდოთო?”.
ამასთანავე, ბერძენი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ “ოლიმპიაკოსის” ზოგიერთი ფეხბურთელის თქმით, ქართველი მწვრთნელი მათ აგინებდა, ხოლო გასულ ტურში “კავალასთან” 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, პირეოსელ გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა სტადიონზე გადმოფინა ბანერი და ვალვერდეს დაბრუნება მოითხოვა.
“ოლიმპიაკოსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იანის მორალისმა ქეცბაიას გათავისუფლების თაობაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“საერთოდ, მწვრთნელის შეცვლა, კლუბში, სადაც მანამდე საქმე სათანადოდ ვერ მიდიოდა, სხვანაირ კლიმატს ქმნის. გუნდი არ იყო იმ სიძლიერის და სასურველ თამაშს არ აჩვენებდა. არც შედეგები იყო შესაბამისი. ამიტომ, მწვრთნელის გაშვება არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი გახლდათ. სხვა რაიმე დაფარული მიზეზი არ არსებობს”.
მოლარისმა ქეცბაიას დროებითი შემცვლელების, ბოჟიდარ ბანდოვიჩისა და ანდრეას ნინიადისის თაობაზეც ისაუბრა:
“მათ როგორც მოთამაშეების, ასევე, მწვრთნელების რანგში “ოლიმპიაკოსის” წარმატებაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი. მათ ვიცნობთ და ისინიც გვიცნობენ. ამ ხალხს გუნდთან ერთად შეუძლიათ კარგად იმუშავონ, ვიდრე კლუბის მეპატრონეები მუდმივ მწვრთნელს მონახავენ”.
ბერძნული მასმედიის ცნობით, ქეცბაიას სავარაუდოდ შემცვლელად ლისაბონის “ბენფიკას” ყოფილი თავკაცი კიკე ფლორესი და მოსკოვის ცსკა-ს ექს-მწვრთნელი ზიკო მოიაზრებიან. გარდა ამისა, განიხილება უკრაინელი ოლეგ პროტასოვის კანდიდატურაც, რომელიც დღესდღეობით “ირაკლისის” დამრიგებელია.


მსოფლიო სპორტი